მიმართვა
ძვირფასო მეგობრებო!
მოგესალმებით და მოგმართავთ ყველას, ვისაც ჩვენს საერთო სამშობლოში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება მნიშვნელოვან საქმედ მიგაჩნიათ.
2005 წლის ბოლოს ჩემმა მეგობრებმა და მე ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია, რომლის მიზანი სწორედ სამოქალაქო ღირებულებების დაცვა და გავრცელებაა. თავიდან მეტისმეტად ამბიციურად გვეჩვენებოდა დასახელება – „სამოქალაქო განვითარების ინსიტიტუტი“, რადგან ეს საქმე სულ ექვსმა ადამიანმა დავიწყეთ. დღეს ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და მივადექით იმ მიჯნას, როდესაც გვინდა, საქართველოს ოთხ ქალაქში ჩვენი რეგიონული ოფისებიც დავაფუძნოთ.
ამასობაში, უკვე გვყავს მეგობრები და პარტნიორები საქართველოს თხუთმეტამდე ქალაქში. კოორდინირებულად ვმოქმედებთ როგორც რეგიონულ მედიაქსელთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონულ ქსელთან ერთად, რომლებიც ჩვენი ინსტიტუტის ინიციატივით ჩამოყალიბდა. გვყავს მეგობარი უფროსკლასელები და სტუდენტები საქართველოს თხუთმეტამდე ქალაქში, რომლებიც, თავის მეგობრებთან ერთად, ცდილობენ სამოქალაქო ღირებულებებით იცხოვრონ და ამ ღირებულებების შესაბამისად გარდაქმნან მათ ირგვლივ არსებული გარემო. ჩვენი მეგობრები – უფროსებიც და უმცროსებიც – უკვე ერთმანეთის მეგობრებიც არიან და ყველანი ერთად ვცდილობთ, შევქმნათ თვისებრივად ახალი სივრცე, რომელშიც აქტიური, თვითორგანიზებული ადამიანები კოორდინირებულად, სისტემურად, ნაბიჯ–ნაბიჯ ივლიან უკეთესი საქართველოსკენ. თითოეული მოქალაქე ჩვენს თანამოაზრედ და ჩვენი საერთო საქმის პოტენციურ თანამონაწილედ მიგვაჩნია.
თუ ინსტიტუტი არის ორგანიზაციული ერთობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ერთი მიზნის მისაღწევად და ერთობლივი გეგმების განსახორციელებლად ერთიანდებიან, ჩვენ ნამდვილად უკვე ვართ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
ია ანთაძე
გამგეობის თავმჯდომარე




